"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Wednesday, February 25, 2009
ზანგური
* * *
წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს...
ოდესღაც მიყვარდი!
__________________________________
ჩემი გაზეთის მტრედი
იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ:თურქებს,არაბებს
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში
ქართულში
ქართულში
ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს,
დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით,ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი-
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთან მინდა ყველა ამბის თქმა.
გაიხედეთ გარეთ!ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი,
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი.
და დაეცა მიწას,ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო,უსულო განცხადების მთქმელი.
__________________________________
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..
----------------------------------
მოგკლავდი...
მაგრამ...
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე...
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი...მაგრამ...
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.
------------------------------
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!
მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა - ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა
მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,
______________________________________
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"
____________________________________
ფიქრის გორაზე ყვავილი დამრჩა
ლურჯი იების რიდი
ისე დაგღალე საშველი არ ჩანს
რითი დაგღალე რითი?
ფიქრის გორაზე კოცნა წამართვა
გიშრისთვალება გოგომ
მარტოობისთვის ზეიმს გავმართავ
როგორ გავმართო როგორ?
ფიქრის გორაზე წერილებს ვწერდი
ნისლში ვახვევდი ნატვრას
სიტყვებს ბოლოში ვუსვამდი წერტილს
რა თქვას სიტყვებმა? რა თქვას ?
ფიქრის გორაზე სერენადები
ღამენათევი ისმის
სიზმრებს სინაზით შევემატები
რისთვის სინაზე? რისთვის?
ფიქრის გორაზე აღარ მელიან
აკრძალულ კოცნის ჩამდენს
სევდას გაუძლებ საკვირველია?!
რამდენს გაუძლო? რამდენს?
ფიქრის გორაზე ზეცა ამქონდა
უვარსკვლავებო პალტო
დავშორდით რადგან მთვარე არ მქონდა
რატომ დავშორდით? რატომ?
ფიქრის გორაზე ყვავილი დამრჩა
ლურჯი იების რიდი
ისე დაგღალე საშველი არ ჩანს
რითი დაგღალე რითი ?
____________________________________
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადვიარე.
იქნებ მთვარე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სდაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.
_________________________________
ჰაერობანა
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?
________________________________
ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!
სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.
ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.
დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.
არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია
_________________________________
ცა მეტი
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა - მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბლებმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვპირდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს - ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც - ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრუ რწმენა,
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...
____________________________
რაღაც მოხდა... ჩემი სარკე დაგემტვრა,
ჩემს თვალებში დაბზარული რიდის
ვარმა თავი ჩამოიხრჩო ნაწნავში
ვარდი წაბლის დალალაბზე კიდია...
რაღაც მოხდა! აღარ მოგენატრები?
ლურჯი გზები დამეხვევა იცოდე
მინდა მზეში ამოვავლო ხელები
შენს ლოყებზე მოფერებად ვიწვოდე.
რაღაც მოხდა! ვიცი ჩემი ბრალია
და ნერვები სიმებივით მიწყდება,
ყინულივით ალაპლაპდა ოცნება,
იმ ყინულზე ნაბიჯები მიცდება.
რაღაც მოხდა! ... და სიჩუმე ვარჩიე
ქუჩა თითქოს მაწანწალა ძაღლია
ჩემთან მოხვალ როცა უსიყავრულოდ
სურვილები მონატრებით დაგღლიან
რაღაც მოხდა!... მძიმე აუტანელი,
ეგ სიმკაცრე მკვლელობაზე დიდია
რაღაც მოხდა ჩემი სახე დაგემტვრა
და თვალებში დაბზარული რიდია...
______________________________
ზედმეტად ნაცნობ მელოდიასავით
ავიკვიატე შენი სახელი
და რა ხანია ვღიღინებ
ისე სევდიანად,
ისე მოგონებით,
ისე ჩუმად,
რომ მეც აღარ მესმის,
სხვებსაც გადავდე
სხვებიც ავიყოლიე
და ახლა თითქოს მთელი ქალაქი
მთელი სამყარო
შენს სახელს ღიღინებს- აკვიატებულ მელოდიას.
გელოდები:
კიბეებზე ნაბიჯების ხმად
ერთ-ერთ საფეხურზე უხერხულ წაბორძიკებად
რადგან უბნის ბიჭებმა დაგინახეს
ჩემი სახლის თავისებური სუნი
შენს სუნამოს ელოდება
ყველაზე სასურველ სტუმრად...
და ჩემს ვნებიან სავარძელსაც
ერთი სული აქვს
როდის ჩაგისვამს კალთაში
როდის შემოგეხვევა
და დაგლოშნის გაშმაგებით
სარკეს ისე მოენატრე,
რომ საკუთარ სიშიშვლეში არავის ახედებს
ერთ დროს როსკიპივით რომ იდგა შემოსასვლეში
და უნდოდა თუ არა
ათასნაირ დამოკდებულებად
თუმცა არც ისე ლამაზი იყო
ლოგინი გარდაიცვალა.
ბოლო წუთებში ისე ნატრობა შენს სიმძიმეს
ძილში ტრიალს
სიმხურვალეს...
მაგრამ ამაოდ
და უშენობით გარდაიცვალა
და შენს მოლოდინში
გაუცივდა
სხეული ლოგინს.
მე? მე იმდენ ხანს ვღიღნებდი შენს სახელს
რომ სმენა დავკარგე...
და უკვე აღარც მახსოვს მერამდენედ ამოიყორა მუცელი
ქვიშის საათმა
შენი მსუყე მოლოდინით...
_______________________________________________
სიყვარული დამთავრდა
უხმო კინოსეანსი
არ შევხვდებით არასდროს
საზეიმო პაემანს
აღარ არის პირველი
შენთვის კოცნა, მეასე
ვეღარ ვხედავ შენს არსში
სილამაზის ღვთაებას,
აღელვება შეხვედრის
კოცონივით ნელდება
აღარ გაგიღიმია
რა ხანია ჩემებრად
შენი სუნთქვის დაკარგვა
ალბათ გამიძნელდება
გუშინ ისე მომინდი
ამოსუნთქვა შემეკრა
რაა გაუცხოვება,
უყვავილო მაისი?
იქნებ შენი თვალების
სხვათაშორის ციალი?
სად გაქვს თავდავიწყება-
ალერსსინარნაისე?
ან ველური სურვილი-
ჩემი ინიციალი?
ხასიათებს დამთხვევა
ისე არ უწერია
როგორც დილას ღამეში
ბრძანებების გაცემა.
ჩვენი ურთიერთობაც
ისე დაუცველია
როგორც ხმელი ფოთლებით
გრიგაკუს გატაცება
შენს აურას უარე-
შენი მზერის არეალს-
სადედოფლო ლაბირინთს
მოწყენილმა მებაღემ
ცის მზიანი ნაწილი
შენი ბაგის მხარეა,
აკრძალული ამბორი
უეცრად რომ შევახე
მოკრძალებით მიყვარდი
ისე გრაციოზულად
როგორც უყვარს მდაბიოს
ქალი, იმპერატორი.
შენზე ფიქრმა, ოცნებამ
ტანი გამიორსულა
მაგრამ კვლავ მარტოობას
დავებატონპატრონე
უხმო კინო სეანსი
რა ხანია დამთავრდა
და ცარიელ დარბაზში
დავრჩით მე და ტიტრები
ახლა მინდა სიჩუმე
ყვირილებს რომ მართავდა
და სულ ცოტა, სულ მცირე
პაწაწინა ფიქრები.
______________________
გადაიღეთ კინოფირზე სიზმარი
და დილით მარტომ უყურეთ
კოშმარულ ძილის მორიგ სერიას
თქვენ სერიოზული გიჟი ხართ
დანაშაული თქვენი ის არის
რომ რეალობას შეხვდით უგულოდ
ხოლო თვალები ისევ სველია
ცრემლით, რომელიც ასე გიჭირდათ
დიქტაფონით ჩაიწერეთ ფიქრი და
საყვარელს მოასმენინეთ სიჩუმეში
რომ მიხვდეთ რამდენჯერ არ გიყვარდათ
წამში ერთმანეთი
გულის ფეთქვა დაიწყეთ იქიდან
სადაც შეაჩერეთ გონჯი სიუხეშე
და ვნება ქებასავით თავში აგივარდათ
დაარღვიეთ ნეტარეთი!
ურთიერთობის კაშნე დაარღვიეთ
ძაფით მოქსოვეთ განიერი ხელთათმანი
რომ ერთმანეთს გაყინული თითები გაუთბოთ
ოცნება ერთმანეთისას დაამთხვიეთ
და მიხვდით რომ ერთად არის
ზოგჯერ წყენა დასათმობი
და რომ უდნა დაუთმოთ
უჩვეულო გაღიმება გაბუტულებს და იყო
და არა იყო რასავით დაიწყოთ
ახალი ზღაპარი, ქვეყანა ნეტარეთი.
სადაც ნეტა რითი რიგდებიან
ერთმანეთით გადაგღლილი
სიზმარი და რეალობა?!
_______________________________
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,
იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?
ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით!
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის...
კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია!
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?!
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
მიყვარს ზანგური
WHYმე シ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment