Pages

Saturday, February 28, 2009

რა სისულელეაა?




ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოიძებნება რაღაც საიდანაც რომანი შეიძლება გამოდნეს. ანუ, ერთი არცთუ უბრალო წიგნი ყოველ ადამიანშია. რომანს იმას კი არა რასაც დღეს უწოდებენ და რადაც მგონი ბაირონმა გადააქცია რომანი თავისი პოემებით, არამედ იმას, რასაც რომანი ერქვა პარიზის ქუჩებში, ანუ ქალის და კაცის ამბავი.
ეს ამბავი ადრევე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გაგრძელდა. დაახლოებით ისე,როგორც საპნის ოპერები გრძელდება წლიდან წლამდე. ეს ამბავი იმიტომ გაგრძელდა რო მე ის ვერ დავამთავრე რომანს კი რაღაც დამთავრებული ჭირდება.
სიყვარული კომედიას არ გავს. ეს ადრიდანვე ვიცოდი. თუმცა არ ვიცოდი კომედია რასაც ნიშნავდა. სიყვარული უფრო შეცდომას გავს. ის რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა შეცდომა იყო.
როცა დაგინახავ ხოლმე საერთოდ ყველაფერი მავიწყდება. მახსოვს ერთი საშინელი, აუტანელი, დაუმთავრებელი რომანი, რომელიც ასე ძალიან უყვარს ამ უბრალო ხალხს.
ჩვენ კი თითქოს ყველაფერს შევეგუეთ და მხოლოდ რაღაც ძაფებს თუ ჩავჭიდებთ ხელს რათა ერთმანეთი წამით მაინც შევათვალიეროთ. ეს სასაცილოა, მაგრამ ჩვენ ერთადერთხელ, აი მაშინ ვიყავით ერთად და ისეთები ვიყავით რომ ხეირიანად არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. თუმცა რამე რომ გვექნა, ისე როგორც სხვები შვებიან ხოლმე ძალიან სასაცილო იქნებოდა.
ამდენი წელიწადი გავიდა და აღარ მახსოვს როგორია შენი სხეული. შენი თმის სურნელი. შენი ხმა...
მხოლოდ მახსოვს როგორი იყო მაშინ და მერე აღარ ვიცი. არ მგონია რომ ეს გადამწყვეტი იყოს, იმიტომ რომ სიყვარული შეცდომასთან ერთად აკრძალვაც არის.
მე რა თქმა უნდა მგონია რომ შენ ვერასდროს წაიკითხავ ჩემ ნაბოდვარს იმის თაობაზე თუ რატომ ვერ დავწერე რომანი, ან უბრალოდ რატომ ვერ ვყვები ამ ამბავს, მაგრამ მე სულ ვფიქრობ ამაზე და არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.
მე ვერ ვამთავრებ ამ რომანს მინდა რომ აქედან წავიდე, მაგრამ ვიცი რომ ვერსად ვერ წავალ. შეიძლება კიდევ 2 წელიწადს იყოს ასე, ან 4 წელიწადს მაგრამ მერე უკვე ასე აღარ იქნება...
რა სისულელეაა?
მართალი ხარ. ახლავე შემიძლია მოგძებნო, შეგხვდე სადმე მიეტილ-მოკეტილ ადგილას და ვიყოთ ერთად.
მაგრამ რაღაც მაკავებს და ალბათ მაინც არ შემიძლია...


<აკა მორჩილაძე>


WHYმე シ

No comments: