"იანა ჩემთვის ყველაფერი იყო. ის იყო, რაზეც არასდროს მიფიქრია, რაც არასდროს მდომებია. ის იყო, რისთვისაც ალბათ ცოცხლობენ ადამიანები. მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, დაწყობილი და მშვიდი, როგორც მაშინ. არასდროს იმდენი არ მიფიქრია და მიოცნებია, როგორც იმ ზამთარს. ბიჭებს კარს არ ვუღებდი და პურზე დავდიოდი ყოველ დილით. როცა იანა ჩემგან მიდიოდა მისი მწვანე ყელსახევევი მქონდა კისერზე შემოხვეული და ასე უაზროდ დავდიოდი წინ და უკან. ბიჭებმა უკვე იცოდნენ რო ჩემთან ცხოვრობდა მაგრამ სულ ვერ ხვდებოდნენ რა და როგორ იყო. პრინციპში სულ არ მაინტერესებდა, ისე კარგად არასდროს ვყოფილვარ. ყველაფერი მომწონდა და მიხაროდა. სად არ დავდიოდით. სიცივეში, ჭყაპში, თოვლში და რამე. სულ ფეხით. გრიბოედოვზე ერთი პატარა სარდაფი იყო "მეგრული სამზარეულო" ერქვა. სულ იქ ვისხედით. იანა იღიმებოდა, მე მიხაროდა. ჩვეულებრივად, ადამიანურად ვლაპარაკობდით. ხელი სულ ჩემს ჯიბეში ედო და მაგრად ვუჭერდი ხოლმე. სახლი შემიყვარდა. იანას ჩემი პულოვერები და თავისი უფერული პალტო ეცვა, ჯინსი ვუყიდე რაღაც იტალიური. ვიდექით და ვიცინოდით...
სულ ვფიქრობ და ვიხსენებ, თან კიდევ ვერ გამიგია, ნეტავ მართლა თუ არსებობდა ის დღეები. მართლა თუ უხაროდა იანას და მართლა თუ ვისხედით ფანჯარასთან წვიმიან დღეებში და ბავშვობას ვიხსენებდით. ახლა ისე შორსაა ეს ყველაფერი, რომ ამაზე ფიქრისას, სულ რაღაცას ვეპოტინები. იანას გარდა სხვა არაფერი მიტრიალებდა თავში. რა იყო ამაზე კარგი არ ვიცოდი. იანა თითქოს ბუმბულის იყო, თბილი და მსუბუქი. ძილში აუცილებლად მხარზე დამადებდა თავს, თან სულ რაღაცეებს ჩურჩულებდა სიზმარში ჩაფლული. თვალდახუჭული ვიწექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის ჩამჩურჩულებდა რაღაც ტკბილ სისულელეს ღამის სიჩუმეში..."
No comments:
Post a Comment