-ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს.
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-არ ვიცი.
-მაშ,რატომ გგონია?
-იცი,მე ის მიყვარდა.
-როდის?
-ეგ არ ვიცი როდის,ალბათ დიდი ხნის წინათ.
-მაინც?
-მანამ დავიბადებოდი.
-ვერ გავიგე.
-შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან,მე იქ მიყვარდა და ეხლაც იმას ვეძებ.
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება.
-უცოლო ხომ არ დაბერდები,მოიყვანე ვინმე.
-ვინ?
-რა ვიცი,ვინმე.
-არა,არა,ეგრე როგორ მოვიყვანო?
-ის რომ არ შეგხვდეს?
-ხომ მიყვარს?
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია,არ იცნობ,არ გინახავს და გიყვარს.
-ჰო,მიყვარს.
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშ,რატომ მგონია,რომ უნდა შემხვდეს?
-იქნებ სიზმარში ნახე?
-არა,სხვაგან ვნახე სადღაც.
-გარეგნობა გახსოვს,როგორი აქვს?
-არა,არ მახსოვს.
-მაშ,როგორ უნდა იცნო,რომ შეგხვდეს?
-ვიცნობ.ვიცი,რომ ვიცნობ.არ შეიძლება,რომ არ ვიცნო.
-არ შეგხვდა?
-არა,არ შემხვდა.
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა.
-კიდევ იმას ელოდები?
-ჰო.
-რამდნი წლის ხარ?
-სამოცდაექვსის.
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ.
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი.
-ჰა!
-არა,არაფერი.
გოდერძი ჩოხელი.
No comments:
Post a Comment