„სად, როდის და
რატომ დაიბადა სიყვარული ცნობილი არ არის. საერთოდ არ არის ცნობილი, თუ სად, როდის
და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი,
ვინც წარმატებით დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.
აბელის გულში ერთ მშვენიერ დღეს (თუკი ამას „მშვენიერი დღე“ შეიძლება ეწოდოს) ნატომ
გრძნობათა ისეთი კორიანტელი დააყენა, შუადღის სიცხეში სოფლის შარაგზაზე საბარგო მანქანა
რომ ჩამოგიქროლებს, მტვერში გაგხვევს და მერე ერთხანს, როგორც ბურანში ისე დააბიჯებ
ამ ბინდივით ჩამოწოლილ ბუღში.
მაშინ აბელი 10 წლის იყო, ის კი 19ის
და აბელს თავდავიწყებით შეუყვარდა ნატო. ეს იყო პირველი ბავშვური, წრფელი სიყვარული.
აბელს ხშირად ტანჯავდა კითხვა იმის შესახებ ნატოსაც უყვარდა თუ არა იგი, თუ აბელის სიყვარული ცალმხრივი და უიმედო იყო?
თავიდან აბელს გულუბრყვილოდ სწამდა რომ მისი სიყვარული, ცალკე, დამოუკიდებლად აღებული უკვე ნიშნავდა ბედნიერებას და ეს საეჭვო კითხვა ასე პირდაპირ არასდროს დაუსვამს. ვინ იცის, იქნებ ეშინოდა ამ კითხვის, ან იქნებ ეს კითხვაც მკრეხელობად მიაჩნდა.
როცა ღრუბლებში დავცურავთ, მართლა კი არ გვავიწყდება, არამედ მხოლოდ ვუმალავთ თავს, რომ დაბლა მიწა გველოდება. ეს უვიცობით მოგვდის, რადგან დამალვა შეუძლებელია. საერთოდ „დამალვა“ ხელოვნური, მოგონილი ცნებაა.“
ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"