Pages

Sunday, August 18, 2013

ანი



„ანის გახსენებაზე აბელს ხანდახან მძიმე დანაშაულის გრძნობა უჩნდებოდა. ავად იყო თუ კარგად, მოსწონდათ ეს სხვებს თუ არა, ანის თავისი ცხოვრება მოწყობილი ქონდა, იყო თავისთვის, არავის აწუხებდა, სამყოფ ლუკმაპურს შოულობდა და ცრუ იმედით არ საზრდოობდა. აბელმა თავისი უალაგო გამოჩენით ეს შეფარდებითი, მაგრამ მაინც მშვიდი ყოფა აუმღვრია, სიმწრით შეკოწიწებული ცხოვრება მოუშალა, სამაგიეროდ კი ვერავითარი საყრდენი ვერ მისცა და ჰაერში გამოკიდებული დატოვა. ძველი ცხოვრება ანისთვის მოკვდა, ახალი კი არ დაიბადა.
სინამდვილეში ანი თავისი გარდაუვალი და ერთადერთი გზით მიდიოდა, აბელი უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადგური იყო, სადაც ცხენებს იცვლიან ხოლმე, ეს კია რომ ანიმ ამ სადგურში ღრმა კვალი დატოვა.  აბელი კიდევ დიდხანს გრძნობდა მის სუნს. შინ დაბრუნებული კარს რომ აღებდა, კიდევ დიდხანს მოელოდა რომ სახლში ანის ღიმილი დახვდებოდა, უშორესი სიღრმიდან წამოსული, თვალებიდან გადმოფრქვეული ღიმილი, რომელიც ტუჩის კუთხეებს რომ მიაღწევდა სიხარულით ავსებდა  გარემოს. დილაობით ტანთ ჩაიცვამდა თუ არა, ფეხაკრეფით მიადგებოდა მეორე ოთახს, ფრთხილად უხმაუროდ გააღებდა კარს, თითქოს ეშინოდა ანისთვის ძილი არ დაეფრთხო, შეიხედავდა და სანამ ცარიელ საწოლს არ დაინახავდა, გულის სიღრმეში მუდამ შრიალებდა იმედი რომ თეთრ ბალიშზე ანის მოკლედ შეკრეჭილ თმას მოჰკრავდა თვალს.
ამ დილის ჩუმ ვიზიტებს დიდი ხნის განმავლობაში ლამის რელიგიური რიტუალით ასრულებდა. ხანდახან, კითხვით გართულს სადღაც წარმოსახვისა და სინამდვილის ზღვარზე, ეჩვენებოდა თითქოს ანი თავის საყვარელ ადგილას იჯდა ბუხრის პირას, ბუხრისკენ ზურგშექცეული და დაჟინებით შემოსცქეროდა მას.“



ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი" 

No comments: