Pages

Saturday, August 17, 2013

ნია



„მალე აბელის არსებაში ნიამ გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა.
თუ პირველ ხანებში იშვიათად და მოულოდნელად დგებოდა ისეთი მომენტი, როცა ფიქრში ნია ამოტივტივდებოდა ხოლმე, მერე და მერე უკვე ისეთი მომენტი დგებოდა იშვიათად როცა ფიქრებში ნია არ ჩანდა. ახლა ნიამ ყველაფერი დაიპყრო, ყველგან ნია იყო. ნიას მოქნილი ტანი, ნიას თვალები, მეტყველი, თბილი ნიას ღიმილი თან გულღია და ალალი, თან ჩუმი და იდუმალი, შეთქმულის ღიმილი.
ნიას გარეშე არაფერი აღარ არსებობდა. წიგნის კითხვისას თვალწინ სულ ნია ედგა და ყოველი ფრაზა ნიას გავლით შემოდიოდა გონებაში, შემოდიოდა ნიას სურნელით, ნიას ღიმილით, ნიას შემოხედვით გაჟღენთილი.

ინსტიტუტთან უსაქმოდ დგომა და ამხანაგებთან ლაზღანდარობა ადრე თუ თავისთავად სასიამოვნო და საინტერესო იყო, ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ქონდა ფასი თუ ინსტიტუტში ნიაც ეგულებოდა.
ნიას დანახვა ნამდვილი ბედნიერება იყო. და ამ პერიოდში აბელს ოდნავადაც არ ეპარებოდა  ეჭვი იმაში, რომ მშვენივრად იცოდა თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერება ისაა, რომ სულ მუდამ ნიას უყურო. იჯდე სადმე შენთვის და მთელი სიცოცხლე უყურო ნიას.“



ჯემალ ქარჩხაძე -  "ქარავანი" 

No comments: