Pages

Tuesday, August 20, 2013

***

„ცხოვრება კი არ იცვლებოდა. ცხოვრება ძველებურად დუნე იყო, უსახური და მოსაწყენი. ვინ იცის, იქნებ იცვლებოდა კიდეც, იქნებ თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით მძაფრი და ბობოქარი ცხოვრება უნდა გაევლო და აბელმა თვითონვე შეცვალა იგი თავისი რომელიმე ნაბიჯით, რომელიც იმის ნაცვლად რომ მარჯვნივ გადაეგდა მარცხნივ გადადგა. თუ არჩევანი მართლა შენს ხელთაა და შენი მომავლის შეცვლა შეგიძლია მაშინ უნდა იცოდე კიდეც როგორია ეს მომავალი, რომელსაც შეცვლას უპირებ. იქნებ არც ღირდეს შეცვლა?
თუ შედარების საშუალება არ მოგეცა ვერასდროს გაიგებ შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებას და საითაც მოგესურვება იქით დგამ ნაბიჯს თუ შენს არჩევანს რაღაც უცხო ძალა წარმართავს, რაღაც უცხო ძალა გაიძულებს იმ გზით იარო, რომელიც იმთავითვე გაიჭრა შენთვის.“


ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი" 

Monday, August 19, 2013

***


 „მზით განათებულ შარაგზაზე ორი ჩრდილი გვერდიგვერდ მიცოცავდა...
როცა ძალიან მოგენატრები, მაშინ მოვალო რომ დამიბარე, იმ წუთიდან მოყოლებული მუდამ ძალიან მენატრები. შენ ალბათ ამას ვერ ამჩნევ. გგონია რომ ეს „ძალიან“ ჯერ არ დამდგარა. სინამდვილეში ჩემი ნატვრა თავიდანვე ზღვრამდე იყო მისული, ჩემი ნატვრა ერთიანი „ძალიანაა“ და შეუძლებელია რაიმე მიემატოს.
ერთმა ჩრდილმა მეორეს უთხრა: „სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ რეალური არ არის, იგი ოდენ ილუზიაა, რეალური სამყაროს ანარეკლი. ჩვენ ჩრდილი და ემანცია ვართ. ჩვენი ნამდვილი სიცოცხლე ფიზიკურ პლანში მიედინება, სამგანზომილებიან სამყაროში, რომლის წარმოდგენა ჩვენ არ ძალგვიძს, როდესაც მზე ჩავა და ჩვენ გავქრებით, ჩვენ ეს სიკვდილი გვგონია. სინამდვილეში ამ დროს ჩვენ შემოქმედს ვუბრუნდებით და ხვალ, მზე რომ ხელახლა ამოვა, კვლავ გავჩნდებით.“ გზად მიმავალი ორი ჩრდილი, ჩემი და შენი ჩრდილი იყო. შენ წამით ინათე და მყისვე ჩაქრი, რადგან მე მზად არ ვიყავი საიმისოდ რომ ელვისათვის თვალი გამესწორებინა. ვიცი ამ წერილს აზრი არა აქვს. რომც წაგიკითხო, ვერ გაგაგებინებ, რადგან ჩემი ენა ბრგვნილია, ჩემი სიტყვები კი გაუთლელი ლოდები, რა ვუყო...“


ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"

Sunday, August 18, 2013

ანი



„ანის გახსენებაზე აბელს ხანდახან მძიმე დანაშაულის გრძნობა უჩნდებოდა. ავად იყო თუ კარგად, მოსწონდათ ეს სხვებს თუ არა, ანის თავისი ცხოვრება მოწყობილი ქონდა, იყო თავისთვის, არავის აწუხებდა, სამყოფ ლუკმაპურს შოულობდა და ცრუ იმედით არ საზრდოობდა. აბელმა თავისი უალაგო გამოჩენით ეს შეფარდებითი, მაგრამ მაინც მშვიდი ყოფა აუმღვრია, სიმწრით შეკოწიწებული ცხოვრება მოუშალა, სამაგიეროდ კი ვერავითარი საყრდენი ვერ მისცა და ჰაერში გამოკიდებული დატოვა. ძველი ცხოვრება ანისთვის მოკვდა, ახალი კი არ დაიბადა.
სინამდვილეში ანი თავისი გარდაუვალი და ერთადერთი გზით მიდიოდა, აბელი უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადგური იყო, სადაც ცხენებს იცვლიან ხოლმე, ეს კია რომ ანიმ ამ სადგურში ღრმა კვალი დატოვა.  აბელი კიდევ დიდხანს გრძნობდა მის სუნს. შინ დაბრუნებული კარს რომ აღებდა, კიდევ დიდხანს მოელოდა რომ სახლში ანის ღიმილი დახვდებოდა, უშორესი სიღრმიდან წამოსული, თვალებიდან გადმოფრქვეული ღიმილი, რომელიც ტუჩის კუთხეებს რომ მიაღწევდა სიხარულით ავსებდა  გარემოს. დილაობით ტანთ ჩაიცვამდა თუ არა, ფეხაკრეფით მიადგებოდა მეორე ოთახს, ფრთხილად უხმაუროდ გააღებდა კარს, თითქოს ეშინოდა ანისთვის ძილი არ დაეფრთხო, შეიხედავდა და სანამ ცარიელ საწოლს არ დაინახავდა, გულის სიღრმეში მუდამ შრიალებდა იმედი რომ თეთრ ბალიშზე ანის მოკლედ შეკრეჭილ თმას მოჰკრავდა თვალს.
ამ დილის ჩუმ ვიზიტებს დიდი ხნის განმავლობაში ლამის რელიგიური რიტუალით ასრულებდა. ხანდახან, კითხვით გართულს სადღაც წარმოსახვისა და სინამდვილის ზღვარზე, ეჩვენებოდა თითქოს ანი თავის საყვარელ ადგილას იჯდა ბუხრის პირას, ბუხრისკენ ზურგშექცეული და დაჟინებით შემოსცქეროდა მას.“



ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი" 

Saturday, August 17, 2013

ნია



„მალე აბელის არსებაში ნიამ გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა.
თუ პირველ ხანებში იშვიათად და მოულოდნელად დგებოდა ისეთი მომენტი, როცა ფიქრში ნია ამოტივტივდებოდა ხოლმე, მერე და მერე უკვე ისეთი მომენტი დგებოდა იშვიათად როცა ფიქრებში ნია არ ჩანდა. ახლა ნიამ ყველაფერი დაიპყრო, ყველგან ნია იყო. ნიას მოქნილი ტანი, ნიას თვალები, მეტყველი, თბილი ნიას ღიმილი თან გულღია და ალალი, თან ჩუმი და იდუმალი, შეთქმულის ღიმილი.
ნიას გარეშე არაფერი აღარ არსებობდა. წიგნის კითხვისას თვალწინ სულ ნია ედგა და ყოველი ფრაზა ნიას გავლით შემოდიოდა გონებაში, შემოდიოდა ნიას სურნელით, ნიას ღიმილით, ნიას შემოხედვით გაჟღენთილი.

ინსტიტუტთან უსაქმოდ დგომა და ამხანაგებთან ლაზღანდარობა ადრე თუ თავისთავად სასიამოვნო და საინტერესო იყო, ახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ქონდა ფასი თუ ინსტიტუტში ნიაც ეგულებოდა.
ნიას დანახვა ნამდვილი ბედნიერება იყო. და ამ პერიოდში აბელს ოდნავადაც არ ეპარებოდა  ეჭვი იმაში, რომ მშვენივრად იცოდა თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერება ისაა, რომ სულ მუდამ ნიას უყურო. იჯდე სადმე შენთვის და მთელი სიცოცხლე უყურო ნიას.“



ჯემალ ქარჩხაძე -  "ქარავანი" 

Friday, August 16, 2013

***


„არსებობა ურთიერთობებია. არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თითქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათი მჟღავნდება, ტყულია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა რომ მის ჭეშმარიტებში ეჭვს ვერავინ შეიტანს.“



ჯემალ ქარჩხაძე -  "ქარავანი" 

Thursday, August 15, 2013

მირიანი

„აბელი თავიდანვე კი დააინტერესა ახალმა მოსწავლემ მირიანმა, მაგრამ პირველ ხანებში ეს ზოგადი, უმიზნო ცნობისმოყვარეობა იყო. აკვირდებოდა, ყველაფერი მოსწონდა მისი და ნატრობდა, თვითონაც ასეთი ყოფილიყო, ასეთი წყნარი, გულგრილი და დაჯერებული. ასეთი უცხო, ასეთი მტკიცე და ასეთი მარტოსული. ნატრობდა და თან გრძნობდა რომ ეს აუხდენელი ოცნება იყო რადგან ის რაც მირიანისთვის ხასიათის სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა იყო, აბელისთვის უბრალო სიჯიუტე და ჭირვეულობა იქნებოდა, რადგან რწმენა ალბათ თავისთავად კი არ არსებობს, როგორც ადამიანის თვისება, რწმენას ის დიდი ცოდნა და განსწავლულობა ბადებს, რომელიც ასე უხვად ქონდა მირიანს და რომელიც, კაცმა არ იცის რა გზებითა და საშუალებებით შეიძლება შეიძინო.“


ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"  

Tuesday, August 13, 2013


„მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით ის რაც დღეს კარგადაა ცნობილი: ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს.      და საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე.  აბელმა ეს არ იცოდა და ასე ეგონა, ფეხის ბაკუნზე და მხრების აჩეჩვაზე დამყარებული სიყვარული შეურაცხმყოფელი სიყვარულია და იგი მის სატრფოს შეურაცხყოფდა. მისი სატრფო კი გუშინს აქეთ ხატად იქცა და მისი შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა. ხატს დარაჯდა უნდა დაუდგე, რათა არაფერი უხეში, არაფერი მდაბალი, არაფერი ყოველდღიური და თუნდაც ადამიანური არ მიეკაროს, ხატს მტვერი უნდა გადაწმინდო და როცა კედელზე გიკიდია კედელსაც უნდა გადაწმინდო მტვერი.               
ხატის ირგვლივ ყველაფერი სუფთა უნდა იყოს.
და აბელი, ფხიზელი რაინდი, ერთგულ დარაჯად დაუდგა სატრფოს ხატს.
ამგვარად აბელი სიყვარულის წარღვნამ წაიღო და სიყვარულის ტალღებზე აატივტივა.“


ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"

Monday, August 12, 2013

ნატო

„სად, როდის და რატომ დაიბადა სიყვარული ცნობილი არ არის. საერთოდ არ არის ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებით დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.
აბელის გულში ერთ მშვენიერ დღეს (თუკი ამას „მშვენიერი დღე“ შეიძლება ეწოდოს) ნატომ გრძნობათა ისეთი კორიანტელი დააყენა, შუადღის სიცხეში სოფლის შარაგზაზე საბარგო მანქანა რომ ჩამოგიქროლებს, მტვერში გაგხვევს და მერე ერთხანს, როგორც ბურანში ისე დააბიჯებ ამ ბინდივით ჩამოწოლილ ბუღში.
მაშინ აბელი 10 წლის იყო,  ის კი 19ის
და აბელს თავდავიწყებით შეუყვარდა ნატო. ეს იყო პირველი ბავშვური, წრფელი სიყვარული.


აბელს ხშირად ტანჯავდა კითხვა იმის შესახებ ნატოსაც უყვარდა თუ არა იგი, თუ აბელის სიყვარული ცალმხრივი და უიმედო იყო?
 თავიდან აბელს გულუბრყვილოდ სწამდა რომ მისი სიყვარული, ცალკე, დამოუკიდებლად აღებული უკვე ნიშნავდა ბედნიერებას და ეს საეჭვო კითხვა ასე პირდაპირ არასდროს დაუსვამს. ვინ იცის, იქნებ ეშინოდა ამ კითხვის, ან იქნებ ეს კითხვაც მკრეხელობად მიაჩნდა.
როცა ღრუბლებში დავცურავთ, მართლა კი არ გვავიწყდება, არამედ მხოლოდ ვუმალავთ თავს, რომ დაბლა მიწა გველოდება. ეს უვიცობით მოგვდის, რადგან დამალვა შეუძლებელია. საერთოდ „დამალვა“ ხელოვნური, მოგონილი ცნებაა.“

ჯემალ ქარჩხაძე - "ქარავანი"