Pages

Saturday, March 14, 2015

***

"ახლა ჩემს ფანჯარასთან, კარადაზე რაღაც უშნო და სავარაუდოდ აგრესიული ფრთიანი ხოჭო იჯდა. იჯდა და დაბნეული ათვალიერებდა გარემოს, ატრიალებდა საცეცებს - აშკარად გაუგებრობაში მოხვედრილიყო...
დავინახე და მყისვე ჩვენებური, გაუცნობიერებელი იმპულსი გამიჩნდა: გაჭყლეტვის, განადგურების იმისა, ვინც ჩვენ არ გვგავს და ვისიც (დიახ, ვის-იც) ამიტომ გვეშინია. თანაც, ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამინერგეს მწერებისადმი უპირობო სიძულვილი. წაკითხული მაქვს, ტიბეტელი ბავშვებისათვის რაოდენ შოკისმომგვრელია ევროპელ თანატოლთა აგრესიული რეაქცია მწერებზე. მათთვის მწერიც სიცოცხლის მრავალსახეობის ერთერთი ნიღაბია, რომელიც ოდესმე შეიძლება მათ სახეზეც აღმოჩნდეს ყოფიერების წრებრუნვაში...
საბედნიეროდ, ჩემი მოქმედებები დიდი ხანია აღარაა იმპულსური. გავჩერდი. დავაკვირდი. არც ისე უშნო ყოფილა ეს ხოჭო. ბუნებაში ხომ სიტყვა "სილამაზე" საერთოდ უადგილოა. ჩემის აზრით, სიცოცხლის პრინციპი იმპრესიონისტული უნდა იყოს: ყველაფერი უბრალოდ ისეთია, როგორიც არის: მისთვის უცხოა ორფეხა არსებების ერთერთი ჯიშის დამკვიდრებული შეფასებები. აბა, ამას ჰკითხეთ, მე როგორი ვარ?
წარმოვიდგინე საკუთარი თავი: გაზაფხულის მოსვლით გახარებული, გამოღვიძებული, გამთბარი... ვათვალიერებ გარემოს, ვტკბები, რომ ცოცხალი ვარ. უცებ საშინელი ტკივილი და დამთავრდა... ვის რა დაუშავე? განა ვიღაცის ქვეცნობიერი შიშები ამართლებს მკვლელობას, განა ამიტომ არ მაქვს სიცოცხლის უფლება?
შემოვტრიალდი. მაგიდიდან ავიღე ხელსახოცი, ფრთხილად მოვკიდე თითები. ეუცნაურა, ცოტა გაიბრძოლა და... გავუშვი მზიან ფანჯარაში.
გაფრინდა ხოჭო. ასეც უნდა ყოფილიყო. არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. უბრალოდ ვაჯობე ავადმყოფურ, გაუცნობიერებელ შიშს, ინსტინქტს. პირიქით, მისთვის მაქვს სათქმელი მადლობა: რომ სიცოცხლესთან ერთიანობის შეგრძნება დამიტოვა"  smile emoticon

No comments: