Pages

Tuesday, March 10, 2015

“ლუციფერის ეფექტი"

1971 წელს ფილიპ ზიმბარდომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა და გაერკვია რატომ იცვლებიან ადამიანები, რა განსაზღვრავს პიროვნების სასტიკ ქცევას– “სისტემა” თუ პიროვნული მახასიათებლები; რა გავლენა აქვს ორგანიზაციას, სისტემას, საზოგადოებას და მის მიერ მინიჭებულ “სოციალურ როლს” ინდივიდის ქცევაზე. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, საინტერესოა რომ ბიბლია საუბრობს ყველა ზემოხსენებულ საკითხზე და არამარტო საუბრობს, არამედ გვთავაზობს პრობლემათა გადაჭრის გზებსაც, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი დავუბრუნდეთ კვლევას.
ზიმბარდოს კვლევა “სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის” სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით თავად ზიმბარდომ მას “ლუციფერის ეფექტი” უწოდა, ამავე სახელწოდების მონოგრაფიაში, სადაც კვლევის შედეგები შეაჯამა. ეს სახელი უკავშირდება ბიბლიურ ისტორიას ლუციფერის, სინათლის ანგელოზის შესახებ, რომელიც ამპარტავნებამ და ძალაუფლების წყურვილმა შეცვალა და მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა სიბნელესა და ბოროტებას.
კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში ციხის ატმოსფერო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 12 მამრობითი სქესის სტუდენტი, რომლებმაც გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმება, ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. “ესენი არიან პატიმრები, რომლებსაც დაამცირებენ და ისინი გახდებიან რიცხვები, – ამბობდა ზიმბარდო – ესენი არიან ზედამხედველები, ძალაუფლებისა და ანონიმურობის სიმბოლოებით.” მონაწილეებს შორის შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა ზედამხედველებისა და პატიმრების როლები. ციხის ცხოვრება მაქსიმალურად იყო მიახლოვებული რეალურთან. ფსიქოლოგიური ეფექტის გასაძლიერებლად “პატიმრები” გაუფრთხილებლად აიყვანეს საკუთარი სახლებიდან.მოგვიანებით ერთ–ერთი იხსენებდა :” მოვიდა პოლიციის მანქანა, გადმოვიდა პოლიციელი და ამბობს რომ მე მეძებს. მათ გამიყვანეს საერთო საცხოვრებლიდან, დამაყენეს მანქანასთან, ფეხები–განზე…ეს ნამდვილი პოლიციის მანქანა იყო, ნამდვილი პოლიციელები, კამერები, ხელბორკილები…ქუჩაში მეზობლები იყვნენ და მათ არ იცოდნენ, რომ ეს ექსპერიმენტი იყო.”
პატიმრებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ნამდვილ კრიმინალებს: უღებდნენ ანაბეჭდებს, სურათებს, აცმევდნენ ფორმას, ანიჭებდნენ ნომერს და კეტავდნენ კამერაში. მცველები ჩვეულ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი, ხელბორკილებით, სასტვენებით, შავი სათვალით, რათა პატიმრებთან თვალებით კონტაქტი შეუძლებელი ყოფილიყო. საგულისხმოა, რომ ძალადობა დაშვებული არ ყოფილა და მცველების მიზანი წესრიგის დაცვას წარმოადგენდა. მოკლეს ხანში სტუდენტებმა ბუნებრივად მოირგეს როლები. ზედამხედველები პატიმრებს დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასრულებილებდნენ უაზრო და დამამცირებელ სამუშაოებს. მოგვიანებით ერთ-ერთი ამბობდა : ” გულწრფელად გაკვირვებული ვარ საკუთარი ქცევით. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვაიძულებდი ვინმეს, რომ საპირფარეშო შიშველი ხელებით ეწმინდა. ჩანს ძალაუფლებაში დიდი სიამოვნებაა.” თავის მხრივ პატიმრებიც კარგავდნენ ნელ-ნელა სახეს. მალე მათაც დაიწყეს ნამდვილი პატიმრებივით მოქცევა:საუბრობდნენ ციხის საკითხებზე, ზედამხედველებზე ერთმანეთთან “ზღაპრებს” ჰყვებოდნენ, ზოგიერთი იცავდა წესებს, ზოგი კი მათ დარღვევას ცდილობდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც წესრიგის დამრღვევთ ასმენდა.პატიმრების მორჩილების ზრდასთან ერთად ზედამხედველების აგრესიაც იზრდებოდა და პირიქით. ზიმბარდოს სურდა ექსპერიმენტი ორი კვირა გაგრძელებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა მე-6 დღეს შეეწყვიტა იგი სიტუაციის სრული უკონტროლობის გამო. ფსიქიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდები 36 საათში გატყდნენ. როგორ ხსნიან ფსიქოლოგები ადამიანის ბუნების ასეთ ცვლილებას? ისინი ხომ ჩვეულებრივი, ბეჯითი სტუდენტები იყვნენ მანამ, სანამ ბნელ სარდაფში ჩავიდოდნენ. “უყურადღებოდ გადადგმული პირველი, პატარა ნაბიჯი, საკუთარი პიროვნებისაგან განდგომა,პიროვნული პასუხისმგებლობის დიფუზია,ავტორიტეტის ბრმა მორჩილება, ჯგუფის ნორმებისადმი უკრიტიკო მორჩილება, ბოროტების პასიური მიღება უმოქმედობით და გულგრილობით,- ესაა ის პროცესი, რომელიც ბოროტების სრიალა გზას პოხავს. – ამბობდა ზიმბარდო– და ეს ხდება, როდესაც თქვენ ახალ ან უცხო გარემოში ხართ. თქვენი სტანდარტული ქცევითი რეაქციები არ მუშაობს. პიროვნება და მორალი ითიშება. კვლევები ხსნიან, როგორ იცვლებიან ჩვეულებრივი კარგი ადამიანები ნარკოტიკების გარეშე. სტენფორდის ექსპერიმენტი გვაფრთხილებს, რომ ძალაუფლების დილიგირება ზედამხედველობის გარეშე, ეს ძალადობის რეცეპტია!” ზედამხედველები იცავდნენ წესრიგს ,ისინი წარმოდგენდნენ სისტემას, მათ გაუჩნდათ ერთიანობის, გუნდურობის შეგრძნება ერთმანეთის მიმართ და დაიწყეს მიზანმიმართული აგრესიის გამოვლენა იმ პატიმრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მიერ აღქმული იქნენ წესრიგის დამრღვევებად. სხვანაირად რომ ვთქვათ ადამიანებმა ყველა საშუალებით დაიცვეს ის ძალაუფლება ,რომლებიც მათ მიანიჭეს და ნებისმიერი რამ რაც აღიქმებოდა ამ ძალაუფლებისთვის საფრთხედ ,ზედამხედველებმა მიიჩნიეს ბრძოლის ობიექტად. მათ გამოიყენეს დევიზი – მიზანი ამართლებს საშუალებას!
რა გავლენას ახდენს ანონიმურობა ადამიანების ქცევაზე? რა შეიცვლება მათში თუკი ეცოდინებათ, რომ არავინ უყურებს მათ? ზედამხედველებმა, კვლევაში, იცოდნენ რომ ღამით კამერები გამორთული იქნებოდა (მათ ასე უთხრეს), სწორედ ამ მონაკვეთში მათი ძალადობრივი ქმედება პიკს აღწევდა, რადგან იცოდნენ რომ არავინ ჩავიდოდა ბნელ დილეგში. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ მეომრები ომში წასვლისას იცვლიან გარეგნობას? აქვს თუ არა გავლენა მათ ანონიმურობას იმაზე, თუ როგორ ექცევიან ისინი საკუთარ მსხვერპლს? ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ კულტურაში მეომრები არ იცვლიან გარეგნობას. მრავალ კულტურაში კი ჯარისკაცებს უნიფორმა ხდის ანონიმურს.
ანთროპოლოგმა ჯონ ვოტსონმა აღმოაჩინა 23 კულტურა, რომელსაც ორი მაჩვენებელი ჰქონდა: თუ არ იცვლიან გარეგნობას 8-დან მხოლოდ ერთი კლავს, აწამებს და ასახიჩრებს და თუ იცვლიან 13 -დან 12 აკეთებს ამას. უნიფორმა არის, ის რაც ჯარისკაცს თავს სისტემის ნაწილად აგრძნობინებს, ის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას “ფორმის გარეთ” ტოვებს და პასუხისმგებლობას “სისტემაზე” გადაბარებით იცილებს, შესაბამისად ის თავს უფლებას აძლევს მოიქცეს უფრო სასტიკად, ვიდრე ამას გააკეთებდა “ფორმის მიღმა”, როგორც რიგითი მოქალაქე. ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა რომ თუ ადამიანს მივანიჭებთ შესაბამის სოციალურ როლს, იგი იწყებს მოქმედებას ამ როლის შესაბამისად, სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს ბავშვების შეფასებისას არ დაუშვან შეცდომები(მაგ. ; ნუ ეტყვით მას რომ უსაქმურია, სულელი და არაფერი გამოსდის), რადგან ადვილი შესაძლებელია, როლი რომელსაც ის მოირგებს მისი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. ზიმბარდო ამტკიცებს რომ სოციალურ როლს,სისტემას და ორგანიზაციას შეუძლია ადამიანის სრული ტრანსფორმაცია .

No comments: