Pages

Saturday, June 11, 2016

***

"რა უფრო ძნელია ნეტავ, როცა ის არის სხვა ქალი თუ როცა შენ ხარ სხვა ქალი? 
- რა ვქნა, ის ჩემი სისხლი და ხორცია. მე მას ყოველთვის ვკითხავ როგორ არის და მე მასთან ყოველთის მივალ. ჩვენ ერთად მთელი ცხოვრება გვაქვს გამოვლილი, - მითხრა და ისე გაუღიმა მას სადღაც სივრცეში, მივხვდი, რომ ვერასოდეს მე, სხვა ქალი, იმ მთავარი ქალის ჩრდილიდან ვერ გამოვიდოდი. ავდექი და წამოვედი. დღემდე არ ვიცი რა იყო ეს, მაგრამ ჩემში ქალის ნაწილი ჩამოინგრა. და ვერაფრით ვერ დავიბრუნე ის ღიმილი, მასთან შეხვედრამდე რომ მქონდა. დავაგვიანე. მთელი 10 წლით დავაგვიანე. მერე დავჯექი და გავიხსენე სად ვიყავი მე იმ ათი წლის წინ. და გამახსენდა. მე ის ერთადერთი ქალი ვიყავი. ოღონდ სხვასთან. და იქიდანაც წამოვედი.
- დღემდე მჯერა, რომ მე და შენ სიბერეში ერთად ვიქნებით, - ეს სიტყვები მომწერა ზუსტად ათი წლის მერე. და სადღაც შიგნით რაღაც ჩამწყდა. ერთადერთი, რაზეც იმ წამს ვიფიქრე, ის გოგო იყო, რომელიც სხვა ქალი იყო. და ვინ იცის, როგორ ძალიან უნდოდა ჩემი, მთავარი ქალის ჩრდილიდან გამოსვლა. მთელი ეს წლები ის მასთანაა. არ წავიდა. ჩემგან განსხვავებით ის არ წავიდა. დარჩა. და მე მივხვდი. წასვლა მარტივია. დარჩენაა რთული."

No comments: