Pages

Thursday, January 30, 2014

***

"ჩვენ ყველა გავხდით ელექტრონული სივრცის ჭიები,
ვსხედვართ ცარიელ ოთახებში - მოციმციმე ეკრანებთან,
სხვის ცხოვრებებს უგემურად ვღეჭავთ და ვღეჭავთ
და არაფერი ხდება ნამდვილი.
მოხდეს აი, მაგალითად
ჰამაკი, ეზო, ცვივა თუთა, ვაშლი ვარდება.
მოხდეს სოფელი, მეხი - ცაზე, მოხდეს ქალაქი, 
წყვილი - გამზირზე,
ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და ქუჩა გადაჭრეს.
მოხდეს ზაფხულის სიგრილე, ჭრელი პლედი, თბილი საღამო, 
ჩაი და ძველი გაზეთები." 

ბავშვების წერილები ღმერთს:


ღმერთო მე ცოტა ხნის წინ მომპარეს ოცდათხუთმეტი ცენტი. გააკეთე ისე, რომ ვინც ის მოიპარა, დაკარგოს და მე ვიპოვო. ის რა თქმა უნდა შენ შემოგჩივლებს თავის ბედს, ასე რომ მე და შენ გვეცოდინება ვინ არის ქურდი და შემდეგ ჩვენ დავსჯით მას თავისი ცოდვების გამო. 

შენი ოლეგი. (IV კლ.)

ღმერთო გთხოვ გააკეთე ისე რომ მქონდეს კარგი ხელწერა, მაშინ მე ნორმალურად დავწერ საკონტროლოებს და შენც აღარ გაგიჭირდება ჩემი წერილების წაკითხვა.
სონია (II კლ.)

მინდა რო მშვიდობა იყოს დედამიწაზე, ყველა კარგად იყოს, მინდა მალე გადავიდე მესამე კლასში და მინდა ჩქაროსნული ველოსიპედი და კიდე ტუალეტში მინდა. 
ედიკ (II კლ.)

ნეტა შევუყვარდე იმას, ვინც მე მიყვარს და მე მასზე დიდი ხნით დავქორწინდები. 
დიმიტრი (III კლ.)

ღმერთო როგორ ცხოვრობ ცაში? მანდ ყველაფერი გაქვს? იქნებ რამე გჭირდება?
ზინა (III კლ.)

სხვადასხვა წიგნებში სხვადასხვანაირად ხარ აღწერილი და მაინტერესებს სინამდვილეში როგორი ხარ. იქნებ მითხრა სად შეიძლება ვნახო შენი ნამდვილი ფოტო?
რაя (III კლ.)

ღმერთო დამეხმარე გთხოვ რომ კარგად ვისწავლო სკოლაში მთელი ცხოვრება.
ვერკა (I კლ.)

როდესაც ჩემი ძაღლი წავა ამ ქვეყნიდან, გთხოვ ისე ქენი რომ ის შენთან მოხვდეს. შენი ნადმვილი მეგობარი გეყოლება. ყოველ საღამოს 7 საათზე გაიყვანე ხოლმე სასეირნოდ, ისე ყველაფერს ჭამს, ოღონდ არასდროს უყვირო თორემ შეიძლება გიკბინოს. 
ჟორა ( II კლ.)

"დათა თუთაშხია"

- ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერა?.
- არა.
- რატომ? არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- აბა რა არის?
- რა ვიცი, როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე.

ჭაბუა ამირეჯიბი

„მთვარის მოტაცება"

"ცოდოა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლ შორის არიან. აგერ ორიოდე ფეხის ნაბიჯზე ჩადრია და ჰარემი. თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას."

კოსტანტინე გამსახურდია 

***

"მე შენ მიყვარხარ.
დამიჯერე რაა... 
ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს. 
შენც ხომ ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი... 
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. 
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. 
ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვის მეშინია. 
დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან, ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ..."

გ. ჩოხელი

ერლენდ ლუ - "ნაივური. სუპერი."

"ლოს-ანჟელესში შობის წინა საღამოს ერთი შავკანიანი ქალი თავის ღარიბული სახლის წინ ზის და ტირის. მანქანით პოლიციელები ჩამოივლიან, ჩერდებიან და ქალს ეკითხებიან რა მოხდაო. ქალი უყვება რომ სანამ ის თავისი კიბოთი დაავადებული ქალიშვილის სანახავად საავდმყოფოში იმყოფებოდა, ვიღაცეები მის სახლში შეპარულან და ყველაფერი მოუპარავთ. ავეჯი, მაცივრიდან საჭმელი და ბავშვების საშობაო საჩუქრებიც კი. 
შიგნით სახლში კი სამი დაღონებული ბავშვი ზის. მათთვის მეორე დღეს არანაირი შობის დღესასწაული აღარ დადგება.
პოლიციელები ქალს უმტკიცებენ რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ასეთი ქურდობები თითქმის არ იხსნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ინიშნავენ თუ რა სათამაშოები წაიღეს ქურდებმა. პოლიციელები თავიანთ მანქანაში სხდებიან და თავისთვის საუბრობენ, საზიზღარი სიტუაციააო, საზოგადოება არასწორ გზას ადგასო და ა.შ. მერე გადაწყვეტენ იმ ქალის შვილებს თავად უყიდონ საჩუქრები და ყველაფრის საფასური თვითონ გადაიხადონ, მაინც შობაა და მათ რაც ჭირდებათ ყველაფერი აქვთ, იმ უბედურ ქალს და მის შვილებს კი არაფერი აბადიათ. პოლიციელები სათამაშოების მაღაზიასთან ჩერდებიან და ფურცელზე ჩანიშნულ სათამაშოებს ყიდულობენ, რამდენიმე ასეული დოლარის. ისინი მაღაზიის გამყიდველს გაესაუბრებიან და გაუმხელენ რაშია საქმე. მფლობელს ამ „პროექტის“ მიზანი გულს უჩუყებს და ამბობს რომ საფასურის ნახევარს თავად გადაიხდის, კარზე ხომ შობაა მომდგარი!
როდესაც პოლიციელები მანქანაში სხდებიან და გეზს ქალის სახლისკენ იღებენ, მოულოდნელად დაუყონებლივ იძახებენ შტაბში.
შტაბში უფროსი ახსნა-განმარტებას სთხოვს. როგორც მოგვიანებით ირკვევა მაღაზიის მფლობელს ერთ-ერთ ტელეარხში დაურეკავს, მათ კი ამ ორი პოლიციელისგან ინტერვიუს აღება მონდომებიათ. ხალხი ამგვარ სასიამოვნო სიახლეებს ხომ ძალიან იშვიათად ისმენს, თანაც შობა ახლოვდება და ერის გასაერთიანებლად ასეთი მშვენიერი ისტორია მისწრებაა. ტალღა გორდება.
ამ სიახლეს უკვე სხვა ტელეარხებიც ატრიალებენ. მალე მთელი ამერიკა იგებს ამ ამბავს და პოლიციელები ნაცნობ-მეგობრებისგან მილოცვებს ვერ აუდიან, თვით პრეზიდენტიც კი ურეკავს და უცხადებს რომ მათით ამაყობს.
ხალხი იმ უბედურ ქალს ფულს და საჩუქრებს უგზავნის. ვიღაც კაცი მას ახალ ბინასაც კი პირდება უკეთეს უბანში. მოულოდნელად ყველას ახსენდება რომ თავად ქალმა ამის შესახებ არაფერი იცის. მას ხომ არც ტელევიზორი აქვს და არც რადიო. ის და მისი შვილები ცარიელ სახლში სხედან და სადღესასწაულო განწყობა სულაც არ აქვთ.
პოლიციელები გადაწყვეტენ შობის დადგომამდე მოიცადონ. მეორე დილით ქალი იღვიძებს და ბავშვებსაც აღვიძებს რომ საავადმყოფოში წავიდნენ და თავიანთ კიბოთი დაავადებულ დას შობა მიულოცონ.
ბავშვები სწუხან დაიკოსთან უსაჩუქროდ მისვლა არ უნდათ, მაგრამ დედა ამშვიდებს- მათ ხომ ერთმანეთი ყავთ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოულოდნელად მათ პოლიციელების მანქანის სირენების ხმა ესმით. ქალი ოხვრით ამბობს რომ ადამიანებს ამ წმინდა დღესაც კი არ შეუძლიათ ერთამენითს მიმართ სიკეთე გამოიჩინონ. მაგრამ ამ დროს მისი ვაჟიშვილი ფანჯარაში იხედება და ხედავს ქუჩა უამრავი ხალხით, სატვირთო მანქანებით, ჟურნალისტებით და ტელეკამერებითაა სავსე. საჩუქრებით ხელდამშვენებული ის ორი პოლიციელიც იქვე დგას.
სახლში ავეჯის შეტანას იწყებენ. ქალი ვერ ხვდება რაშია საქმე. მაგრამ მოულოდნელად პოლიციელებს ცნობს. ისინი ქალს ეხვევიან და 18 000 დოლარის ჩეკს გადასცემენ.
ქალი ტირის.
ცოტას მეც ვტირი." 

***

"უცნაური ქალები გყავთ - თქვა ერთმა მუსულმანმა ქალმა - თქვენ შეგიძლიათ საათები დახარჯოთ ჩაცმაში, მაკიაჟსა და ვარცხნილობაში გარეთ გასვლის წინ, სახლში დაბრუნებისას კი მოიშოროთ კოსმეტიკა, გაიხადოთ ძვირფასი ტანსაცმელი და ქმრების თვალწინ მოუწესრიგებლად, ხალათებსა და ბიგუდებში იაროთ. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა - სახლში, ქმრების თვალწინ ყოფნისას, ჩვენ ლამაზად ვიცვამთ, ვიყენებთ კოსმეტიკასა და სუნამოებს, ხოლო გარეთ უბრალოები, მოკრძალებულად ჩაცმულები გავდივართ, რაში გვჭირდება, მივიქციოთ უცხო მამაკაცების ყურადღება ჩვენი გარეგნობით?"

"ქაღალდის ტყვია"

რაც არ უნდა იყოს კაცის ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია. უნდა თუ არა კაცი მალავს თავის ცხოვრებას იმ ქალთან რომელიც უყვარს. ასე გამოსდის და რატომ არ ვიცი. თავიდანვე ასე იყო, კაცი უფრო პატიოსნად ექცეოდა ქალს და ყველაფერს უყვებოდა, მაგრამ მალევე შეატყო რო ქალი მაინც თავისას ფიქრობს პატიოსნად ექცევი თუ უპატიოსნოდ, ამიტომ კაცი მიხვდა რომ რაღაცეები უნდა დაუმალოს ქალს.
რა უნდათ ქალებს?  ღმერთმა სილამაზე აჩუქა მათ და არ თქვათ რომ ძნელია სილამაზის საფარში შეუმჩნევლად ყოფნა. თავად ეს სილამაზე მათი საფარია. თვალები კი იარაღია. კაცის თვალები ვერ ტყუის, როცა იტყუება კაცმა თვალები უნდა დამალოს, ქალის თვალები კი სწორედ იმისთვის მოუგონიათ რომ გზა კვალი აურიოს კაცს და კიდევ უფრო დახლართოს თავის ტყუილებში. ყველაფერი რაც ქალს აქვს იმისთვის აქვს რომ კაცმა სიმართლე ვერ თქვას და საერთოდ დაივიწყოს ეს სიმართლე. ქალმა კი იცის რომ არსებობს ეს ერთი სიმართლე რომელიც ხშირად მწარეა და ეკლიანი, მაგრამ არ უნდა რომ კაცი ადვილად დაუძვრეს ამ ეკლებს. მაშ ბრძოლა ნდომებია ქალს, მეტი არაფერი, ამაზე აქვს მოწყობილი ტვინი.
კაცი ვერ ხედავს ქალს როცა ქალთან არის. კაცი თავის თავს ხედავს და თავისას ფიქრობს. ქალი კი ხედავს კაცს და ფიქრობს მისას, კაცმა ზუსტად არ იცის არაფერი, ქალმა კი რა ხანია ყველაფერი ზუსტად იცის.


აკა მორჩილაძე


Wednesday, January 22, 2014

***

„მე რომ ახლა მტკიცება დავიწყო არავის, არასოდეს არავინ ისე არ ყვარებია როგორც მე ის მიყვარდამეთქი, კაცობრიობის სამიჯნურო ისტორიაში მსოფლიო რეკორდი მე დავამყარეთქო, გამოუცდელები იქნებ მენდოთ და დამიჯეროთ კიდეც, მაგრამ გამოცდილები გულში ჩაიცინებთ და გაიფიქრებთ: „ეჰ, შვილოსა, შენ რომ ჩემი სიყვარულის ამბავი იცოდე, მაგას აღარ წამოროშავდიო“  და მართალიც იქნებით.

კაცის გულში ჩახედვა კაცს არ ძალუძს, სხვა საზომი კი არ არსებობს.
ამიტომ ყველას თავისი სიყვარული, თავისი გრძნობა და განცდა გონია უპირველესი და უძლიერესი. ასე ეგონა ჰამლეტსაც, დანიის პრინცსაც და ჩემ მეზობელ უშანგისაც ასე ეგონა.“  
:) 

ჯ. ქარჩხაძე - „მდგმური“