Pages

Friday, August 15, 2014

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"

"იმავე საღამოს 10 საათზე საბოლოო პასუხი მივიღე.
შესანიშნავად დაწერილი წერილი. რა თქმა უნდა! ის ხომ შესანიშნავად წერდა წერილებს. ის მეთანხმება, რომ უკვე დროა ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობოთ, რომ თავადაც ამას ფიქრობდა. მან ვერ შეძლო უფრო გულმოწყალე პასუხის გაცემა. ყვებოდა თავის განცდებზე, ასეთი დანაკარგის გამო. მთელი გულით წუხდა და მტკივნეულად განიცდიდა რომ ვერ მაგრძნობინა, როგორ მაღმერთებდა, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა ამის გამოსახატად. "ჩვენ ხომ სხვებივით არ ვართ", ამბობდა ის, რა თქმა უნდა, ოდესმე მეც ვიპოვიდი ჩემს დიდ სიყვარულს, ის დარწმუნებული იყო ამაში. "სილამაზე იზიდავს სილამაზეს", დასძინა ბოლოს. რა საყვარლად თქვა... ნამდვილად. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ასევე საყვარლად მოეწერა ჩემი ცხოვრების სიყვარულს: "დაბრუნდი! არ დამშორდე! შევიცვლები!" მაგრამ არ მომწერა... კარგა ხანს ვიჯექი და სევდიანად მივშტერებოდი კომპიუტერის ეკრანს, მაგრამ სადღაც შიგნით ვგრძნობდი რომ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ვგრძნობდი და ასეც იყო"

Wednesday, August 13, 2014

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

    "ვერ წარმომიდგენია ცხოვრება დევიდის გარეშე. როგორ წარმოვიდგინო რომ ვეღარ წავალთ ერთად სამოგზაუროდ. ვერასდროს ვეღარ დავინახავ ფანჯრიდან როგორ დგას და მელოდება ქვემოთ; ვერასდროს მოვისმენ მის სიმღერას. აღარ შემაწუხებს მუდმივი ურთერთგაღიზიანება; აღარ ვისაუზმებთ ერთად და აღარც გზატკეცილზე უამრავი მირაჟული მიმართულების ამორჩევა დაგვჭირდება... როგორ უნდა შევეგუო ისეთ ნეტარებას, რომელიც ქვესკნელის სიბნელესთან ერთად მოდის და ძვლების მსხვრევით მიცალკევებს... როგორ შევეგუო ამ მწარე დაუნდობლობას, ეშმაკურ აღშფოთებას, სრულ თვითდაშლასა და განიარაღებას, რომელიც გარდაუვალია მაშინ როდესაც დევიდი გადაწყვეტს რაიმე მოგცეს და უკანვე წაიღოს...
    მივხვდი რომ აღარ მინდა იქ დაბრუნება. ჩემმა ამჟამინდემლა გართობამ დამარწმუნა რომ დევიდის გარეშე არათუ შემიძლია ვიყო ბედნიერი, არამედ აუცილებლად უნდა ვიყო. არა აქვს მნიშვნელობა რა ძლიერადაც უნდა მიყვარდეს (და ნამდვილად ძალიან მიყვარს!) მაინც უნდა გამოვეთხოვო და წერტილი დავუსვათ ყველაფერს. შემდეგ წერილი მივწერე სადაც ვუთხარი რომ ორივესთვის აჯობებდა ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ დაგვესრულებინა." 

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

    "ბედნიერი ვარ (უკვე რამდენიმე თვეა ასე ვფიქრობ) და მინდა რომში დავბრუნდე. რაღაც უნდა გავაკეთო დევიდთან დაკავშირებით. უკვე დროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყოველგვარი ურთიერთობა დავასრულოთ. ოფიციალურად უკვე დაშორებულები ვართ, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში კიდევ იყო დარჩენილი იმედი, რომ ოდესმე (შეიძლება ჩემი მოგზაურობის ან ერთწლიანი განშორების შემდეგ) კიდევ ერთხელ გვეცადა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ამას წყალი არ გაუვა, უბრალოდ ვერ ვახერხებდით, რომ ერთმანეთი სასოწარკვეთილებაში არ ჩაგვეგდო, არ გვეყვირა ერთმანეთისთვის, არ დაგვემძიმებინა ერთმანეთის სულები... შემდეგ დევიდმა ასეთი გიჟური წინადადება შემომთავაზა ნახევრად ხუმრობით: "მოდი უბრალოდ ვაღიაროთ რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს და როგორმე მოთმინებით ავიტანოთ ერთმანეთი"  რა მოხდებოდა თუ ვაღიარებდით, რომ ერთმანეთს ნერვებს ვუშლიდით, განუწყვეტლივ ვეომებოდით, იშვიათად გვქონდა სექსი და მაინც უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვეძლო...
    ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთად, უბედურები და ამავე დროს ბედნიერები, რომ ცალ-ცალკე არ ვართ.  მოდი ეს იყოს გამოცდა იმისა თუ რა საშინლად მიყვარს ეს ბიჭი და მის ასეთ შემოთავაზებაზე სერიოზულად ვფიქრობ ბოლო ათი თვის განმავლობაში. არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც გონება ორივეს გვკარნახობს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს. უნდა გახდეს უფრო გახსნილი და მოსიყვარულე, უარი არ უნდა თქვას სიყვარულზე იმის შიშით, რომ ის სულს შეუჭამს, ან უნდა ისწავლოს, როგორ შეწყვიტოს მისი სულის ამოხდა."

Monday, August 11, 2014

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"ერთ უბედურებას ყოველთვის მეორე მოყვებოდა. განა რამდენნაირი მამაკაცი უნდა მყვარებოდა ან რამდენჯერ უნდა დავმარცხებულიყავი. ათჯერ რომ მოჰყვე ერთსა და იმავე ავარიაში ბოლოს ალბათ მართვის მოწმობას ჩამოგართმევენ არა ? და მეც ასე რომ მომქცეოდნენ არ მინდოდა. აი მიზეზი, რატომაც ახლა მარტო ვარ. მე ისევ მიყვარს დევიდი და ახალი ურთიერთობის მსხვერპლისადმი ეს უსამართლობა იქნებოდა. ისიც არ ვიცი, მე და დევიდი საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს თუ არა. მიუხედავად იმისა რომ იტალიაში წამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიწექით, თუმცა ორივეს ისევ გვქონდა  იმედი, რომ იქნებ ოდესმე... ვინ იცის, იქნებ.
   მე ერთი ის ვიცი რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ და ქაოსურმა ვნებებმა საშინლად დამღალა. მას შემდეგ რაც იტალიაში წამოვედი სხეული და სული სრულიად გამომიცარიელდა. სწორედ ამიტომ დავანებე თავი ყველაფერს. დამიჯერეთ ძალიან მამძიმებს მიღებული გადაწყვეტილების ირონიულობა, რომ არავისთან მქონოდა ურთიერთობა, ამავე დროს კი ამ ურთიერთობათა სიამეზე ვფიქრობ. ჩემთვის ამ ეტაპზე თავშეკავება საუკეთესო გამოსავალია" 

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"ნამდვილად არ მეამაყება საკუთარ თავზე ასეთების თქმა მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ერთ-ერთ წვეულებაზე ერთმა ბიჭმა რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი ასეთი რამ მითხრა: "საერთოდ სხვა ადამიანი ხარ, ახლა როცა მეგობარი გყავს. ადრე შენს მეუღლეს გავდი, ახლა დევიდს გავხარ. ზუსტად მასავით იცვამ და ლაპარაკობ. იცი ზოგიერთი როგორ ემსგავსება თავის ძაღლს? დარწმუნებული ვარ შენ ყოველთვის შენს მამაკაცს გავხარ." ღმერთო, მინდა ცოტა შევისვენო ამ მომენტიდან, რომ თავს ძალა დავატანო და გავიგო ვის ვგავარ ან ვისნაირად ვლაპარაკობ, როდესაც არავინ მყავს. მართალი გითხრათ დიდებულ სამსახურს გავუწევ საზოგადოებას თუ ამ საკითხს დროებით გვერდზე გადავდებთ. აი თვალს ვავლებ საკუთარ რომანტიკულ წარსულს და სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მომწონს."

ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"მამაკაცებთან ურთიერთობისას უკიდურეს ზომებს მივმართავ. იქნებ არც უნდა ვამბობდე ამას.  თუკი გიყვარს საზღვარს ვერ დაიცავ, მართალი არ ვარ?  მე კი მასში ვიკარგები ვინც მიყვარს. სითხის გამტარი მემბრანა ვარ. მე თუ მიყვარხარ ჩემი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს. შეგიძლია გქონდეს ჩემი დრო, ჩემი ერთგულება, ჩემი სისულელეები, ჩემი ფული, ჩემი ოჯახი, ჩემს ძაღლთან დაკავშირებული ყველაფერი. თუ მიყვარხარ, შენს ყველა ტკივილს მე ვიტვირთებ, შენს ყველა ვალს ჩემ თავზე ავიღებ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დაგიცავ ყველაფრისგან, ვეცდები ყველა შენი საუკეთესო თვისება აღმოვაჩინო, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი რომ გაგაჩნდა. შენი ოჯახის ყველა წევრისთვის ვიყიდი საშობაო საჩუქარს, მე შენ მოგიძღვნი მზეს და წვიმას... და თუ ამას ვერ შევძლებ , მაშინ მზის მწველ შუქზე მოგეფარები და წვიმისგან დაგიცავ... უფრო მეტსაც მოგცემ და სულსაც დაგითმობ,  ვიდრე მთლიანად  არ დავიქანცები და გამოვიფიტები. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზა კი ერთადერთია, სხვა ვინმე უნდა შემიყვარდეს გაგიჟებით"

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"

"უმთავრესი თემა, რაც აუცილებლად უნდა განვიხილო, იტალიაში ჩემი პირადი ცხოვრებაა, ანუ სექსი. ამ კითხვას მარტივად მინდა ვუპასუხო და გამოვტყდე რომ სანამ აქ ვარ ეს ნამდვილად არ მინდა. გნებავთ უფრო დავწვრილმანდები... გულწრფელად გეტყვით ხანდახან სასოწარკვეთილებაში ვვარდები ისე მომინდება ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე რომ ამ თამაშში დროებით არ ჩავერთო. არ მინდა ვინმეთი ვიყო დაკავებული. კოცნა მენატრება... ძალიან მიყვარს კოცნა. მაგრამ მაინც არაფერს ვაპირებ. როდესაც მარტო ვრჩები ჩემ თავს ვეუბნები, "იყავი მარტო. მარტო ყოფნა ისწავლე. ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი მარტო."  ყოველთვის გახსოვდეთ რომ მწვავე ნაღველის დასაამებლად არასოდეს გამოიყენოთ სხვა ადამიანი და მისი გრძნობები. ეს მაშველი რგოლის მსგავსი რამ არის და მეტი არაფერი. სექსუალური თუ როგორც იტყვიან რომანტიკული ცხოვრება მეტისმეტად ადრე დავიწყე და ყოველი ახალი ბიჭის გაცნობა, ნაწილობრივ ძველთან ურთიერთობას ემთხვეოდა. ერთი კვირის შესვენებაც კი არ მქონდა რომ ოდნავ მაინც ამომესუნთქა. ახლა ვერაფერს ვიზამ. ალბათ ეს რაღაც ვალდებულებისმაგვარი რამ იყო ჩემი მომწიფების გზაზე"

Sunday, August 10, 2014

ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"ვერ გეტყვით მე და ის სასიკეთოდ დავშორდით ერთმანეთს თუ არა. აღარც კი მახსოვს ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერ დავშორდით და შევრიგდით, ისიც შევნიშნე რომ მასთან განცალკევების შემდეგ ძალა და გამბედაობა მიბრუნდებოდა. მისი სიყვარული იმედს მაძლევდა, ისევ მოკრძალებითა და საღი გონებით რომ ვეუბნებოდით ერთმანეთს, მოდი ისევ ვცადოთო. და თან ყოველ ჯერზე დარწმუნებულები ვიყავით რომ ახლა მაინც გვექნებოდა ნორმალური ურთიერთობა. ძალას არ ვიშურებდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აბა როგორ შეიძლებოდა ორ ადამიანს ასე ყვარებოდა ერთმანეთი და ბედნიერად არ დაემთავრებინა ურთიერთობა? ურთიერთობის ყოველი განახლების შემდეგ, რამდენიმე ბედნიერ დღეს ვატარებდით ერთად, ხანდახან კვირასაც. მერე ხან მე ვტოვებდი, ხან ის მტოვებდა და მე ისევ იმედი მქონდა რომ აუცილებლად დამიბრუნდებოდა... ამ გაურკვეველ სირბილში, დრო შემოგვეცვითა და ვეღარ გავარკვიეთ სად უნდა დაგვემუხრუჭებინა. მე ისევ განადგურებული ვრჩებოდი,  ის კი ისევ მიდიოდა.  
ყველა სირთულის მიუხედავად, განშორება მარტო ცხოვრებას უკეთ მასწავლიდა და მაჩვევდა, გამოცდილებას კი ჩემში უდიდესი გარდატეხა შემოჰქონდა."

ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც შენი გაღმერთების ობიექტი, ჰალუცინოგენური დოზით დაგაღვრის თავზე კოკისპირულ სიყვარულს, თავბრუდამხვევ მღელვარებას... აქამდე ხო არც კი გიოცნებია მსგავსი. მერე ნარკომანივით ეჩვევი ყურადღებას, მეტი და მეტი გინდა. სხეულში ტკივილი უკვე ძლიერდება, ვეღარ უმკლავდები. არადა წამალს გიმალავენ და ატყობ რომ ძალიან სუსტდები. (ვინც პირველად გაგიხნსა გზა ამ საქმისკენ, ახლა უარს გეუბნება დახმარებაზე) შემდეგ გაძვალტყავებულს და აცახცახებულს გპოულობენ სადღაც კუთხეში. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის რომ მხოლოდ ერთი დოზის მისაღებად სულსაც გაყიდი.
ამასობაში კი შენს სათაყვანებელ ადამიანს თავიდან იშორებ, რადგან ისე გიყურებს თითქოს არასდროს შეხვედრიხარ და ვითომც გაგიჟებით არ უყვარდი. აი ბედის ირონია! თანაც ხვდები რომ ის არ არის დამნაშავე. საკუთარ თავს უნდა დააბრალო ყველაფერი, საკუთარ თავს გავუუცხოვდი, ძნელად საცნობი და პათეტიკური გავხდი. სიყვარულის სიმხურვალემ მალე გაიარა. დავრჩი გაწბილებული. თვითშეფასების უნარიც დავკარგე. თუმცა როგორც ხედავთ, დღეს ამ ყველაფრის შესახებ მშვიდად და აუღელვებლად ვწერ... დრო მართლაცდა ყველაფრის მკურნალია."

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"ის ჩემი ყველაზე რომანტიკული გმირი იყო. კარგ დროს ვატარებდით ერთად. მე მისი ცხოვრების ოცნება ვიყავი. არასოდეს წარმომედგინა ამხელა ბედნიერებას, სიმშვიდეს და ვნებიან სიყვარულს თუ ვიპოვიდი. ჩვენი სალაპარაკო ენაც კი გამოვიგონეთ. მთელი დღეები სად არ დავსეირნობდით, ზემოთ-ქვემოთ უაზროდ დავყიალებდით. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ერთად ვგეგმავდით და თაფლობის თვეში მყოფ ახალდაქორწინებულ წყვილზე უკეთ ვერთობოდით. ჩვენ შორის ყოველგვარი განსხვავების გასანადგურებლად ერთნაირი მეტსახელიც კი შევარქვით ერთმანეთს. ერთად ვსახავდით მიზნებს, ერთად ვდებდით აღთქმას და დაპირებებს. სადილსაც ერთად ვამზადებდით, მიკითხავდა წიგნებს და ერთხელ როდესაც  ჩემი ჭურჭელი დარეცხა ისე ვუყურებდი თითქოს სამზარეულოში აქლემი დამენახოს...
ამ დროს კი ჩვენ ჩვენი პარტნიორის მსგავს პერსონაჟებს ვიგონებთ და მათგანვე ვითხოვთ ისეთები იყვნენ როგორებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ როცა ისინი უარს ამბობენ  ჩვენ მიერ შემოთავაზებული როლის განსახიერებაზე, მაშინვე მიწას ვენარცხებით და ფრთები გვემსხვრევა..."

ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"

"მას მეორე ოთახში ეძინა. ერთდროულად მძულდა და მიყვარდა კიდეც. არ მინდოდა გამეღვიძებინა და  მისთვის დარდი მომეხვია თავს. რა აზრი ქონდა. ისედაც თვეების განმავლობაში განადგურებული, ფსიქიკურად დაავადებული ქალივით ვიქცეოდი. (ამ შედარებაზე ორივე შევთანხმდით) უბრალოდ ძალიან გადავიღალე. ორივემ ვიცოდით, რაღაც მიჭირდა. ის კი ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა. განუწყვეტლივ ვჩხუბობდით და ერთმანეთს ვუყვიროდით. ის წყვილი რა წყვილია თუ ერთმანეთი დატანჯა... მათი სიყვარული ხომ განწირულია... და ჩვენც უბრალოდ ლტოლვილებს დავემგსავსეთ. ღიად ვტოვებ იმ კითხვებს თუ რატომ მინდოდა მისი ცოლობა. ღიად ვტოვებ მთელ მის განსაკუთრებულობას და იმასაც თუ რატომ მიყვარდა  ასე გაგიჟებით და რატომ ვერ წარმომედგინა მის გარეშე ცხოვრება. ის უბრალოდ ჩემთვის შუქურაც იყო და ალბატროსიც. მაგრამ მასთან დარჩენას წასვლა მერჩივნა. არც ვინმეს განადგურება მდომებია, არც დასახიჩრება, უბრალოდ მინდოდა საიდუმლო გასასვლელში ჩემთვის მშვიდად დამეძინა და ამით არეულობა არ გამომეწვია. მერე კი თუნდაც ჯანდაბამდე გზა მქონოდა. აი ეს მინდოდა!"