Pages

Sunday, January 18, 2009

პაულო კოელიო



დროდადრო ნაღველი შემოგვაწვება ხოლმე და მასთან გამკლავებას ვეღარ ვახერხებთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რომ იმ დღეს ჯადოსნური წამი ხელიდან გაგვისხლტა და ცხოვრებამ კვლავ პირბადე ჩამოაფარა თავის მაგიას და შემოქმედებას.
ყური მიუგდეთ იმ ბავშვს რომელიც ოდესღაც თქვენ იყავით და რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს თქვენში, სწორედ მას შესწევს ამ ჯადოსნური წამების წვდომის უნარი. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ყური არ ვათხოვოთ მის ტირილს, არ მოვუსმინოთ, მაგრამ ამ ხმის ჩახშობას ვერასდროს შევძლებთ.
ეს ბავშვი ჩვენში თანაარსებობს, ნეტარ არიან უმეცარნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა.
და თუკი ვერ შევძლებთ ხელახლა დაბადებას, ანდა იმ ბავშვის თვალით ვერ ვისწავლით ცხოვრების ხედვას- უცოდველად და აღტაცებით- მაშინ არც ჩვენ არსებობას ექნება აზრი.
თვითმკვლელობის გზა მრავალგვარია. ღვთის კანონს არღვევენ, ისინი ვინც სხეულის მოკვდინებას ცდილობენ, მაგრამ არანაკლებ ცოდვას სჩადის ის ვინც სულს სასიკვდილოდ წირავს, თუმცა კი ადამიანის თვალით მათი დანაშაული დიდად არ არის შესამჩნევი.
მივაყურადოთ რას გვეუბნება ჩვენს სულში ჩამალული ბავშვი. ნუ შეგრცხვებათ და ნუ გეუხერხუელებათ მისი არსებობის. როგორმე ვცადოთ და არ შევაშინოთ, რადგან ის მარტოა და მისი ხმა თითქმის არავის ესმის.
დავრთოთ მას ნება, თუნდაც ცოტა ხნით, მართოს ჩვენი ცხოვრება. ამ ბავშვმა უწყის რომ ერთი დღე განსხვავდება მეორესგან. ისე მოვექცეთ რომ მან კვლავ საყვარელ ბავშვად იგრძნოს თავი. გავახაროთ და გავანებივროთ, თუნდაც ამისთვის ჩვენივე ჩვევების დათმობა მოგვიხდეს და თუნდაც სხვებს ეს ყველაფერი სულელურად მოეჩვენოთ.
გავიხსენოთ რომ ადამიანის სიბრძნე მხოლოდ სიგიჟეა უფლის წინაშე, თუ ჩვენ ჩვენსავე სულში ჩაბუდებულ ბავშვს ყურს მივუგდებთ სხივი კვლავ დაუბრუნდება ჩვენს თვალებს და თუ მოვახერხებთ და არ დავკარგავთ ამ ბავშვთან კავშირს, არც სამაყაროსთან ჩვენი კავშირი გაწყდება.

No comments: