Pages

Thursday, January 30, 2014

ერლენდ ლუ - "ნაივური. სუპერი."

"ლოს-ანჟელესში შობის წინა საღამოს ერთი შავკანიანი ქალი თავის ღარიბული სახლის წინ ზის და ტირის. მანქანით პოლიციელები ჩამოივლიან, ჩერდებიან და ქალს ეკითხებიან რა მოხდაო. ქალი უყვება რომ სანამ ის თავისი კიბოთი დაავადებული ქალიშვილის სანახავად საავდმყოფოში იმყოფებოდა, ვიღაცეები მის სახლში შეპარულან და ყველაფერი მოუპარავთ. ავეჯი, მაცივრიდან საჭმელი და ბავშვების საშობაო საჩუქრებიც კი. 
შიგნით სახლში კი სამი დაღონებული ბავშვი ზის. მათთვის მეორე დღეს არანაირი შობის დღესასწაული აღარ დადგება.
პოლიციელები ქალს უმტკიცებენ რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ასეთი ქურდობები თითქმის არ იხსნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ინიშნავენ თუ რა სათამაშოები წაიღეს ქურდებმა. პოლიციელები თავიანთ მანქანაში სხდებიან და თავისთვის საუბრობენ, საზიზღარი სიტუაციააო, საზოგადოება არასწორ გზას ადგასო და ა.შ. მერე გადაწყვეტენ იმ ქალის შვილებს თავად უყიდონ საჩუქრები და ყველაფრის საფასური თვითონ გადაიხადონ, მაინც შობაა და მათ რაც ჭირდებათ ყველაფერი აქვთ, იმ უბედურ ქალს და მის შვილებს კი არაფერი აბადიათ. პოლიციელები სათამაშოების მაღაზიასთან ჩერდებიან და ფურცელზე ჩანიშნულ სათამაშოებს ყიდულობენ, რამდენიმე ასეული დოლარის. ისინი მაღაზიის გამყიდველს გაესაუბრებიან და გაუმხელენ რაშია საქმე. მფლობელს ამ „პროექტის“ მიზანი გულს უჩუყებს და ამბობს რომ საფასურის ნახევარს თავად გადაიხდის, კარზე ხომ შობაა მომდგარი!
როდესაც პოლიციელები მანქანაში სხდებიან და გეზს ქალის სახლისკენ იღებენ, მოულოდნელად დაუყონებლივ იძახებენ შტაბში.
შტაბში უფროსი ახსნა-განმარტებას სთხოვს. როგორც მოგვიანებით ირკვევა მაღაზიის მფლობელს ერთ-ერთ ტელეარხში დაურეკავს, მათ კი ამ ორი პოლიციელისგან ინტერვიუს აღება მონდომებიათ. ხალხი ამგვარ სასიამოვნო სიახლეებს ხომ ძალიან იშვიათად ისმენს, თანაც შობა ახლოვდება და ერის გასაერთიანებლად ასეთი მშვენიერი ისტორია მისწრებაა. ტალღა გორდება.
ამ სიახლეს უკვე სხვა ტელეარხებიც ატრიალებენ. მალე მთელი ამერიკა იგებს ამ ამბავს და პოლიციელები ნაცნობ-მეგობრებისგან მილოცვებს ვერ აუდიან, თვით პრეზიდენტიც კი ურეკავს და უცხადებს რომ მათით ამაყობს.
ხალხი იმ უბედურ ქალს ფულს და საჩუქრებს უგზავნის. ვიღაც კაცი მას ახალ ბინასაც კი პირდება უკეთეს უბანში. მოულოდნელად ყველას ახსენდება რომ თავად ქალმა ამის შესახებ არაფერი იცის. მას ხომ არც ტელევიზორი აქვს და არც რადიო. ის და მისი შვილები ცარიელ სახლში სხედან და სადღესასწაულო განწყობა სულაც არ აქვთ.
პოლიციელები გადაწყვეტენ შობის დადგომამდე მოიცადონ. მეორე დილით ქალი იღვიძებს და ბავშვებსაც აღვიძებს რომ საავადმყოფოში წავიდნენ და თავიანთ კიბოთი დაავადებულ დას შობა მიულოცონ.
ბავშვები სწუხან დაიკოსთან უსაჩუქროდ მისვლა არ უნდათ, მაგრამ დედა ამშვიდებს- მათ ხომ ერთმანეთი ყავთ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოულოდნელად მათ პოლიციელების მანქანის სირენების ხმა ესმით. ქალი ოხვრით ამბობს რომ ადამიანებს ამ წმინდა დღესაც კი არ შეუძლიათ ერთამენითს მიმართ სიკეთე გამოიჩინონ. მაგრამ ამ დროს მისი ვაჟიშვილი ფანჯარაში იხედება და ხედავს ქუჩა უამრავი ხალხით, სატვირთო მანქანებით, ჟურნალისტებით და ტელეკამერებითაა სავსე. საჩუქრებით ხელდამშვენებული ის ორი პოლიციელიც იქვე დგას.
სახლში ავეჯის შეტანას იწყებენ. ქალი ვერ ხვდება რაშია საქმე. მაგრამ მოულოდნელად პოლიციელებს ცნობს. ისინი ქალს ეხვევიან და 18 000 დოლარის ჩეკს გადასცემენ.
ქალი ტირის.
ცოტას მეც ვტირი." 

No comments: