Pages

Monday, March 14, 2016

ოთხმოციანი წლების ბოლოს სიეტლის ერთ-ერთი სკოლის ბავშვები ქალაქის სხვა სკოლის ბავშვებისგან აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. საგანგაშო არაფერი იყო, თუმცა სკოლის ხელმძღვანელობამ მაინც გადაწყვიტა, დაექირავებინა ფსიქოლოგი, რომელიც დღეში თითო საათს განსაკუთრებით აგრესიულ ბავშვებთან გაატარებდა. ასეთი ბავშვი კი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ფსიქოლოგს ბავშვებში ლატენტური აგრესიის აღმოჩენის ძალიან საინტერესო მეთოდი ჰქონდა.
ფსიქოლოგმა ჯეიმი პოინტერმა პირველივე სამუშაო დღეს სკოლის ხელმძღვანელებს დაავალა, შეეძინათ ენტონი ბერჯესის ”მექანიკური ფორთოხლის” ასი ეგზემპლარი. რასაკვირველია, ხელმძღვანელობა დაინტერესდა, თუ რაში სჭირდებოდა ერთი ავტორის ამდენი წიგნი ფსიქოლოგს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ”მექანიკური ფორთოხალი” ბავშვებს უნდა წაეკითხათ, ოღონდ არა იმ ბავშვებს, რომელთა ”განსაკურნადაც” დაიქირავეს პოინტერი, არამედ დანარჩენებს, რომლებიც აგრესიულ ქმედებებში შემჩნეული საერთოდ არ იყვნენ.
ასე დაიწყო სიეტლის იმ სკოლაში გამორჩეულად აგრესიულ ბავშვებთან მუშაობის პროცესი და ენტონი ბერჯესის საყოველთაო კითხვაც. ყველა ბავშვი ვალდებული იყო, წაეკითხა რომანი. ყოველ დღე, 20 წუთით ათ-ათი ბავშვი შედიოდა აუდიტორიაში და ჯეიმი პოინტერის თვალწინ, თავისთვის კითხულობდნენ „ფორთოხალს“. დღეში 5 ჯგუფი, ანუ დღეში 50 მოსწავლე.
სამი თვის თავზე ჯეიმი პოინტერი სამსახურიდან დაითხოვეს და დაითხოვეს იმიტომ, რომ მისი სკოლაში მისვლის შემდეგ აგრესიული ბავშვების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ხოლო ისინი, ვინც მის მისვლამდე აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ”გამოსწორების” გზას დაადგნენ.
სკოლიდან გათავისუფლების შემდეგ ჯეიმი პოინტერმა თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი შესრულებულია. მართალია, სკოლის ხელმძღვანელობამ სულ სხვა მიზნით დაიქირავა, მაგრამ პოინტერმა უფრო სასარგებლო საქმე გაუკეთა მათ, რასაც სკოლის ხელმძღვანელები ვერ მიხვდნენ. მან გამოავლინა ბავშვები, რომლებშიც არის აგრესია და რომელსაც აქამდე ვერავინ ამჩნევდა. პოინტერმა კი ამ ბავშვების მშობლებს და მასწავლებლებს მისცა შანსი, იცნობდნენ ბავშვს ისეთს, როგორიც არის და არა მის ნიღაბს, რომელსაც ნამდვილი „მეს“ დასაფარად იყენებს. ამ ბავშვებს მისცა საშუალება, რომ თავიდან აიცილონ უსიამოვნებები, რომელსაც თავიანთი აგრესიულობით მომავალში გადააწყდებოდნენ. ბავშვები თავიდანვე დაიწყებენ სწავლას, თუ როგორ აკონტროლონ თავი. ეს კი მომავალში მათაც აუცილებლად დაიცავს და აღარც საზოგადოებისთვის შექმნიან საფრთხეს. რაც შეეხება მათ, რომელთაც უკვე იცნობენ აგრესიულ ბავშვად, ისინი ყველანი ომის ვეტერანების შვილები ყოფილან - მამების, რომლებიც ვიეტნამში იყვნენ, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. სწორედ იმ ფაქტმა, რომ მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათში აგრესია დააგროვა, რაც, თავისდაუნებურად, შემდეგ შვილებსაც გადასდეს. სკოლის ხელმძღვანელობა უფრო დაკვირვებული რომ ყოფილიყო, თავიდანვე მიხვდებოდა, რომ ამ ბავშვების აგრესიულობა მათი მამებიდან მოდის - ეს ხომ ერთადერთი სკოლაა სიეტლში, რომელიც ვეტერანების შვილებს გარკვეულ ფასდაკლებას სთავაზობს და სკოლაც სწორედ ამიტომ არის გადაძეძგილი ყოფილი, ან მოქმედი სამხედროების შვილებით.
”როცა ბავშვები ბერჯესს კითხულობდნენ, მე მათ სახეს ვაკვირდებოდი. უმრავლესობას ალექსი გულზე არ ეხატებოდა და მისი ქმედებებიც მიუღებელი იყო მათთვის - ყოველგვარ მორალს მოკლებული. ზუსტად ამას წერდნენ თავიანთ ესეებშიც წიგნის წაკითხვის შემდეგ, მაგრამ როდესაც კითხვის პროცესში ვაკვირდებოდი მათ, სახეზე სულ სხვა ემოცია ეხატებოდათ. მაგალითად, როცა ალექსი და ძმები სცემენ ძირს დაგდებულ ლოთს, რომელიც თავისთვის მღერის, ბავშვების უმრავლესობა ტუჩს იჭამდა, თვალები სიძულვილით ევსებოდა და მზად იყო, ანალოგიურად გასწორებოდა ალექსსა და ჯორჯი-ბიჭს და პიტსა და ბნელოს. ხოლო როცა ალექსს მეცხრე სიმფონიის მოსმენა მომაკვდინებელ ტკივილს აყენებდა, ბავშვების სახეებზე სიამოვნების ღიმილი იშლებოდა.”
აგრესია სწორედ ამ ბავშვებშია და არა მათში, რომლებიც მხიარულად კითხულობდნენ „ფორთოხლის“ ბიჭების ზნედაცემულ ამბებს.

No comments: